მთავარი » ფაილები » ეს საინტერესოა » ადამიანები |
2015-03-16, 8:58 PM | |
მე მომწონს ქრისტე მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები, ისინი საერთოდ არ ჰგვანან მას.
დალაი ლამამ თქვა: თუკი მეცნიერება დაამტკიცებს, რომ ბუდიზმი ცდება, ბუდიზმი უნდა შეიცვალოსო. ეს რომ ექსტრემისტ-ფანატიკოს ქართველ ქრისტიანს უთხრა ქრისტიანობის შესახებ, შეურაცხყოფად მიიღებს, მკრეხელად ჩაგთვლის და ორიდან ერთია: ან თავს გაგიტეხს, ან თუ მარხულობს, პირჯვრის წერით გაგცილდება, როგორც ეშმაკისგან მოგზავნილ საცდურს. არადა რა აქვთ გასაყოფი?
რა არის მისტიკა? ოდესღაც ყველაფერი მისტიკა იყო და ყველაფერი ზებუნებრივი ძალების მოქმედებით აიხსნებოდა. ადამიანებს ეგონათ, რომ წვიმაც, ჭექა-ქუხილიც ამ ზებუნებრივი ძალების პასუხი იყო მათ ქმედებებზე და სანამ კაცობრიობა აღმოაჩენდა, რომ დედამიწა მრგვალია, მისტიკის სფეროდ რჩებოდა პასუხი კითხვაზე – რატომ ქრებოდნენ გემები ჰორიზონტზე. ჰოდა ასე, სანამ ბუნების მუშაობის პრინციპებში გავერკვიეთ, გავიგეთ, რატომ მოდის წვიმა და რომ დედამიწა მრგვალია და ბრუნავს, ერთი-ორი მეცნიერისთვის ცეცხლის შენთებამაც კი მოგვიწია. ასეა, არის ხოლმე რაღაც აუხსნელი, მერე გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ ყველაფერს ახსნის, დაასაბუთებს, ექსპერიმენტებით დაამტკიცებს და მისტიკის სფეროდან მეცნიერების სფეროში გადაანაცვლებს. თუმცა მანამდე ტყდება ომი, მტყუან-მართლის გარჩევა, ერთმანეთისთვის ,,ბნელების“ ძახილი და დავიდარაბა.
ერთი ასეთი ფილმია – თორი. ყველა ფილმში შეიძლება გენიალურობის ნამცეცების პოვნა და მეც სწორედ ერთი ეს ნამცეცი ჩამრჩა გონებაში – სხვა ცივილიზაციიდან მოსული მითოლოგიური ღმერთი – თორი ადამიანს ასეთ რამეს ეუბნება: თქვენ ამას ადრე მაგიას ეძახდით, ახლა მეცნიერება ჰქვია, ჩვენთან კი ორივე ერთიაო. ეს იმდენად ბანალური ჭეშმარიტებაა, ჰოლივუდურ ფილმებშიც გაჩნდა, ჩვენთან კი სიტყვა მაგია კუდიანის და ცოცხის ასოციაციას იწვევს ჯერ კიდევ. სწორედ ამ სტერეოტიპის წინააღმდეგ გალაშქრება მსურს და მჯერა – გამიგებთ, მიუხედავად იმისა, რომ მიმტკიცებენ, ტერმინებთან ფრთხილად იყავი, ვერ გაგიგებენო. ოდესმე გიფიქრიათ, რა იყო ქრისტეს უმთავრესი იდეა? რის სათქმელად მოვიდა? მის მიერ ჩადენილმა სასწაულებმა (იგივე მაგიამ) ისე მოგვხიბლა ყველა, მთავარი დაგვავიწყდა. კაცობრიობის ცნობიერში ძველად ღმერთი ის იყო, ვინც მასზე ძლიერი გახლდათ, ის, ვინც მათ ბედს განაგებდა და სჯიდა, ის იყო მკაცრი და შურისმაძიებელი არსება. ,,არ არსებობს იმაზე უფრო მტანჯველი საზრუნავი ადამიანისთვის, ვიდრე მოთხოვნილება იმისა, რომ სასწრაფოდ მონახოს ვინმე, ვისაც ღვთით ბოძებულ თავისუფლებას ჩააბარებს“, – საუკუნეების მერე დაწერს დოსტოევსკი, თუმცა მანამდე ჩნდება ქრისტე – პატარა პროვინციიდან მოსული რევოლუციონერი, რომელიც ხალხს ეუბნება, რომ ღმერთის შვილები ვართ, მისი ნაწილი, რომ ის ჩვენშია და რომ თავისუფალი ნება და არჩევანი გვაქვს.
შმიდტს უწერია ,,პილატეს სახარებაში“ – ადამიანობა იმის გააზრებაა, რომ რაღაც არ შეგიძლიაო და სწორედ ამ შეუძლებლობის გადალახვას ცდილობს პატარა იესოც ამავე ნაწარმოებში. ახერხებს კიდეც საკუთარ თავში ღმერთის აღმოჩენით და მერე ამ ყველაფრის მისი ძმების, მისი ნაწილისთვის გაზიარებას გადაწყვეტს. იგი დგება მატერიაზე მაღლა, აკეთებს იმას, რასაც ვერაფრით ხსნიან – მისტიკა ადამიანებს ატყვევებს და მალე ბევრი მიმდევარი უჩნდება. ახდენს სასწაულებს, კურნავს და ასწავლის, მაგრამ სწავლაზე მეტად მისი ღვთიური შესაძლებლობების პრაქტიკული გამოყენება აინტერესებს მასას. ,,ელჩები“ პანიკაში ვარდებიან და ღმერთად რატომ მოგაქვს თავიო ღმერთს ღვთის გმობისთვის აცვამენ ჯვარს.
ვინ არის ღმერთი? შემოქმედი. რად შეგვქმნა ჩვენ? ხატად მისად. რა გვითხრა ქრისტემ? ,,მე და მამა ერთნი ვართ“ და კიდევ ის… მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაზე. სულ მინდა ამაზე ვილაპარაკო, ეგებ ვიღაც მაინც ჩავაფიქრო ცოტა უფრო ღრმად კითხვაზე – რას გულისხმობდა? რამდენიმე სასულიერო პირისგან მოვისმინე თეორიები, ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებს სული არ აქვთო, იმიტომ რომ მათ გაჩენაში ადამიანის ხელი ურევია და არა ღვთისო. მინდოდა მეთქვა, ამ ლოგიკით ადამ და ევას იქეთ ღვთის ხელი აღარ ურევია ადამიანების გაჩენაში-მეთქი. ასეთები ღმერთის მიერ შექმნილი კანონზომიერების კვლევას მუდამ დიდი აღშფოთებით ხვდებიან, გვიმტკიცებენ, რომ არის რაღაცები, რაზეც საერთოდ ფიქრიც კი არ არის რეკომენდირებული, ცოდვაც კი მოიფიქრეს ,,გამომეძიებლობის ცოდვა“, რომელიც ,,ისჯება“. ცდილობენ, ჩაგვინერგონ ღვთის შიში, ებრძვიან ყოველგვარ პროგრესს, ებრძვიან მეცნიერებას, იმიტომ რომ რეალურად, თუ ადამიანი სწავლობს და მუშაობის მექანიზმში ერკვევა, თავადაც ყველაფერს შეძლებს.
,,ვინ სძულთ მათ ყველაზე მეტად? ის, ვინც შემოქმედია“, როგორც ზარატუსტრა იტყოდა. თუმცა ნიცშე ხომ ეშმაკის მიერ ტვინარეული შეშლილი მოკვდავი გახლდათ. საწყალი! არადა ის ღმერთი, რომელზეც ზარატუსტრა ლაპარაკობდა, მართლა ,,მოკვდა”, თანაც ბევრჯერ. მათ შორის ერთხელ თავად ქრისტემაც ,,მოკლა”, როცა გვითხრა თქვენც ჩემნაირები ხართ და შეგიძლიათ აკეთოთ ის, რასაც მე ვაკეთებო. რეალურად, მანაც ხომ ადამიანის განღმრთობის შესაძლებლობის იდეა მოგვიტანა. მოკლედ, ჩადგნენ ისევ შუაში. ჯვარცმის მერე ცად აამაღლეს და იქ დატოვეს. ის, ვინც იყო გზა და მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, შეუძლებლად აქციეს, მიუღწეველ მიზნად, განუხორციელებლად. ფორმალობად იქცა აღსარების, მონანიების, ზიარების რიტუალები. მოკვდა ქრისტეს მიერ დატოვებულ მოდელთან მიახლოების ყოველგვარი შანსი – შეცოდავ – მოგეტევება, შეცოდავ მოგეტევება – ყოველდღე ერთი და იგივე, ღმერთის გზაზე დადგომის ნაცვლად, ეკლესიის გარშემო წრეზე სიარული და ცარიელ კედლებში, ცარიელ რიტუალებში მისი პოვნის უშედეგო მცდელობა.
ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ ღმერთები და ადამიანები ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობდნენ. ადამიანი არსებობდა ღმერთის წყალობით; იგი აძლევდა მოსავალს, სანაცვლოდ ადამიანების აღვლენილი ლოცვა და შესაწირავი ეთერში გაედინებოდა და ღვთიურ სულს კვებავდა. ამ საკვებს ახლა კაცსა და ღმერთს შორის შუამავლად ჩამდგარი, თავიანთი თანამდებობით ბოროტად მოსარგებლე, სასულიერო პირები იჯიბავენ. ამის დაკარგვის ეშინოდათ მაშინაც და ამის ეშინიათ ახლაც. იმ ყველაფრით, რამაც ღვთიური სული უნდა გამოკვებოს, თვითონ იკვებებიან. ღმერთი კი შიმშილით სულს ღაფავს.
| |
ნანახია: 1440 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |