იესო ქრისტე ასევე ცნობილია როგორც იესო ნაზარეველი — ქრისტიანული ეკლესიის თავი და დამფუძნებელი, ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა, სამების მეორე ჰიპოსტასი (ღვთაებრივი პირი / წევრი), მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარადქალწულმა, ყოვლადწმინდა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე, და ძალი მაღლისა დაფარავდა,იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა), შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. ქ.ბეთლემში (ებრ. ბეთლეჰემ - სახლი პურისა), ქვაბში (გამოქვაბულში) იშვა მესია. მამობილმა იოსებმა ახალშობილი იესო ღვთისმშობელთან ერთად ანგელოზისაგან წინასწარუწყებით ეგვიპტეში გაარიდა ებრაელთა ტირანს ჰეროდეს, რომელმაც შეიტყო რა მოგვებისაგან, რომ ახდა წინასწარმეტყველება და იშვა იუდეველთა მეფე, ჩათვალა ეს ამქვეყნიური სამეფო ტახტის დაკარგვად და ამის შიშით გასცა ბრძანება გაეჟლიტათ ორი წლის ასაკამდე შობილი ყველა ყრმა . ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, გაიჩინა მოწაფეები (12 მოციქული და არამარტო, 70 მოწაფე და მოსახლეობა), განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი აზიდვინეს გოლგოთის მთაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღსდგა. ყოველივე ეს მოთხრობილია ოთხ კანონიკურ სახარებაში: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ჭეშმარიტ, მაცხოვნებელ, ცოცხალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს სწამთ იესოს მეორედ მოსვლის, როდესაც გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, ყველას თავის საქმეთაებრ მიაგებს, ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას.
|