„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“, – ეს სიტყვები საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, 1999 წელს, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა. დანამდვილებით არ მახსოვს, პირველად სად და რა ვითარებაში მოვისმინე (ბოლო წლების განმავლობაში ტელევიზიები ხშირად ატრიალებდნენ ამ გამოსვლის ჩანაწერს), სამაგიეროდ მახსოვს, რა გრძნობა დამეუფლა…
ეს არ იყო ,,რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ“ პათოსით გაჯერებული სიამაყე, ეს უფრო იმედს ჰგავდა და რწმენას. იმედს იმისა, რომ ერთ დღეს ჩვენც ვიქცევით დიდი ევროპული ოჯახის წევრად, რომ ერთ დღეს დანარჩენი მსოფლიოს აი, ის მოწინავე და განვითარებული მოქალაქეებიც გაიგებენ, აქ, ორი კონტინენტის გასაყარზე მდებარე პატარა ქვეყანაშიც რომ ცხოვრობენ მათი მსგავსი, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები.
ქართველები ხშირად აკრიტიკებენ ერთმანეთს იმ ქცევის გამო, რომელიც თავადაც არაერთხელ ჩაუდენიათ (თუნდაც ცოტა სხვაგვარად, სახეცვლილი ფორმით, მაგრამ არსობრივად იგივე რომაა), გიჟდებიან ერთმანეთის ლანძღვაზე, საკუთარი უპასუხისმგებლობების სხვებზე (მათ შორის, ხილულ თუ უხილავ მტრებზე) გადაბრალებაზე.
ლაპარაკი, ლაპარაკი, ლაპარაკი… ყველაზე რთული კი საკუთარი შეცდომის აღიარება და მერე მისი გამოსწორებითვის რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა. ყველა დამნაშავეა, ჩვენ გარდა.
ქართველები ხშირად ამბობენ, რომ არაფერი ეშველება საქართველოს ან ამ ბნელ ხალხს და ვიდრე ამ აზრზე ვართ კონცენტრირებულნი, ეს მართლაც ჩვენი რეალობა იქნება.
მოკლედ, რისი თქმა მინდა? იმის, რომ მე ვარ ქართველი და არ ვარ ბნელი, რომ ქართული აზროვნებაც ან ქცევაც შეიძლება იყოს განვითარებული ცივილიზებული სამყაროს შესაფერისი. როგორც იტყვიან, ეშმაკი დეტალებშია. ჩვენც მივყვეთ დეტალებს:
– მე ვარ ქართველი და არასდროს ვაგვიანებ სამსახურში ან დანიშნულ შეხვედრებზე (თუ წელიწადში ერთ-ორ გაუთვალისწინებელ გამონაკლისს არ ჩავთვლით).
– მე ვარ ქართველი და მაშინაც კი, როდესაც მეჩქარება, მოთმინებით ველოდები საკუთარ რიგს ბანკში, მაღაზიის ან მეტროს სალაროსთან და ა.შ.
– მე ვარ ქართველი და როდესაც ადამიანი ბანკომატთან დგას, ჩემს სუნთქვას საკუთარ კეფაზე არ გრძნობს, ანუ რიგში როგორ დგახარ იმასაც მნიშვნელობა აქვს.
– მე ვარ ქართველი და როდესაც ქუჩაში ავტომობილი გზას მითმობს, თავის დახრით მადლობას ვეუბნები. საერთოდ მჩვევია მადლობის თქმა, ყოველთვის, როდესაც უმცირეს პატივისცემას მაინც ავლენენ ჩემი მისამართით (ტრანსპორტში ადგილის დათმობა და ა.შ.).
– მე ვარ ქართველი და როდესაც სამარშრუტო ტაქსში ადგილი თავისუფლდება, სხვა ფეხზე მდგომ ადამიანებს დაჯდომას არ ვასწრებ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე მათზე გვიან ავედი ამ სატრანსპორტო საშუალებაში (საერთოდ, თუ სამარშრუტო ტაქსში ან ავტობუსში დასაჯდომი ადგილი არ არის, ვცდილობ არც ავიდე – ქართველებმა უნდა ისწავლონ, ყველგან მოითხოვონ იმ ხარისხის სერვისი, რა თანხასაც იხდიან, 80 და 50 თეთრი კი ქართული რეალობისთვის საკმარისზე მეტია).
– მე ვარ ქართველი და არასდროს ვაჩერებინებ სამარშრუტო ტაქსს კიდევ ერთხელ, თუ 1 წუთის წინ ჩემი გაჩერების ადგილიდან 10-20 მეტრის მოშორებით სხვა მოქალაქე ჩამოვიდა – ფეხით სიარული არ მეზარება და ასე სხვების დროსაც ვზოგავ…
– მე ვარ ქართველი და არ ვამსხვრევ მინებს გაჩერებებზე და არ ვაზიანებ სკამებს სკვერებში.
– მე ვარ ქართველი და მეტროს სადურის ბაქანზე დგომისას, როდესაც ჩემ წინ გაჩერებული მატარებლის კარი იღება, ყოველთვის კარის გვერდით ვგდები, რომ ადამიანებს ვაცადო გამოსვლა.
– მე ვარ ქართველი და ტრანსპორტში უბილეთოდ არადროს ვმგზავრობ.
– მე ვარ ქართველი და ტრანსპორტში (და არამარტო) ყოველთვის ვუთმობ ადგილს მოხუცებულს ან ბავშვიან ადამიანს.
– მე ვარ ქართველი და არასდროს ვტოვებ ჩემი ძაღლის ფეკალიებს ტროტუარზე, არც სხვაგან.
– მე ვარ ქართველი და არასდროს ვაჩერებ ავტომობილს შესზღუდული შესაძლებლობების პირთა მანქანების პარკირების ადგილზე, არც პანდუსებთან და არც ტროტუარებზე, სადაც ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილია. საერთოდ, ფეხით მოსიარულეებს ყოველთვის ვუთმობ გზას.
– მე ვარ ქართველი და ტრასას ყოველთვის იქ ვკვეთ, სადაც ზებრაა დახაზული, ან საფეხმავლო ხიდს ვიყენებ.
– მე ვარ ქართველი და ავტომობილს ყოვეთვის ვაჩერებ წითელზე, არასდროს მავიწყდება ციმციმას ჩართვა, როდესაც ვუხვევ, არასდროს ვაგდებ სიგარეტის ნამწვს ან ნებისმიერი სახის ნაგავს მანქანის ფანჯრიდან, არადროს გადავდივარ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მანქანების გზაზე და, ზოგადად, ერთ-ერთი სანიმუშო მძღოლი ვარ, მართვის მოწმობაც პატიოსნად ავიღე და მისი ღირსეული მფლობელი ვარ.
– მე ვარ ქართველი და ბუნებაში ყოფნის დროს, არასდროს ვტოვებ პლასტმასის ბოთლებს, ცელოფნის პარკებს ან ნებისმიერი სახის ნაგავს ღია ცის ქვეშ, ბუნებას საკუთარი სახლივით ვუფრთხილდები.
– მე ვარ ქართველი და ვცდილობ ყოველთვის აქტიურად ვიყო ჩართული ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისა და ბუნების დაცვის მიზნით, მოქალაქეთა მიერ გამართულ აქციებში.
– მე ვარ ქართველი და არასდროს ვყრი ნაგავს პარკებსა თუ სკვერებში, მითუმეტეს იქ, სადაც ნაგვის ურნებია.
– მე ვარ ქართველი და არასდროს გადამიყრია ნაგავი აივნიდან.
– მე ვარ ქართველი და არასდროს ვეწევი ლიფტში, ან იქ, სადაც მოწევა აკრძალულია.
– მე ვარ ქართველი და ხშირად ვბანაობ და არასდროს ამდის ოფლის სუნი (ამისთვის ათასი დეოდორანტი და ჰიგიენური საშუალება არსებობს), საერთოდ ვიზუალურად მოწესრიგებული დავდივარ.
– მე ვარ ქართველი და არასდროს ვიფურთხები.
– მე ვარ ქართველი და ქუჩაში დგომისას, მაისურაწეული არასდროს ვიფხან ღიპს.
– მე ვარ ქართველი და არ მაქვს ღიპი… ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას ვცდილობ, ვვარჯიშობ, ველოსიპედით ვსეირნობ, ვცურავ… სწორად ვიკვებები.
– მე ვარ ქართველი და ყველა შაბათ-კვირას რესტორანში არ ვატარებ – ამქვეყნად გართობისა და მეგობრებთან ან ნათესავებთან ერთად დროის სახალისოდ გატარების იმდენი სხვა ფორმა არსებობს.
– მე ვარ ქართველი და არასდროს ვესწრები ღრეობადქცეულ ქელეხებს, სუფრას ზოგადად, სადაც არ სცემენ ერთმანეთს პატივს, არ უსმენენ ერთმანეთს, სადაც ძღომა და თრობაა პრიორიტეტი. თუმცა, ქართული ჭამა-სმის კულტურა ალბათ ცალკე სტატიას იმსახურებს.
– მე ვარ ქართველი და ჩემი ოჯახის წევრების ან ნათესავების საფლავებზე არ დგას ,,კოშკები“, იქ მხოლოდ ჯვარი და ქვაა, სადაც დაბადება/გარდაცვალების თარიღი და ვინაობა წერია.
– მე ქართველი ვარ და არ ვიგინები, არც ვიწყევლები.
– მე ქართველი ვარ და მიყვარს კითხვა…
– მე ქართველი ვარ და წმინდა გიორგი ქართველი არ მგონია.
– მე ქართველი ვარ და ყველა ქმარგაშორებული ქალი არ მიმაჩნია მეძავად.
– მე ქართველი ვარ და “ქალიშვილობის ინსტიტუტი” საგანმანათლებლო სასწავლებელი არ მგონია.
– მე ქართველი ვარ და არ ვუსმენ ,,არ დაიდარდო“ ჟანრის სიმღერებს, ,,ფანოღს“, არც ,,რუსულებს“, არც იმავე დონის სხვა უცხოენოვან მუსიკას. თუმცა, გემოვნებაზე არ დავობენო…
– მე ქართველი ვარ და არ ვუყურებს ბრაზილიურ, ვენესუელურ, თურქულ, პორტუგალიურ…. სერიალებს.
– მე ქართველი ვარ და არ ვუყურებ „პროფილის“ ჟანრის გადაცემებს (ტელევიზორთან, ზოგადად, მცირე დროს ვატარებ), ჩემთვის არ არის საინტერესო სხვისი პირადი ცხოვრების დეტალები.
– მე ქართველი ვარ და ჩემი ავტომობილის სანომრე ფარზე ჩემი სახელი არ წერია.
– მე ქართველი ვარ და მიმაჩნია, რომ “კანონიერი ქურდი” არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი პარაზიტისგან.
– მე ქართველი ვარ და ყოველთვის ვმონაწილეობ არჩევნებში, ხმას კი მხოლოდ იმ კანდიდატს ან პარტიას ვაძლევ, რომლის პროგრამასაც კარგად ვიცნობ და ვიზიარებ.
– მე ქართველი ვარ და არ მძულს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ფერადკანიანები, უცხო ეროვნების ადამიანები; არ ვარ ჰომოფობი, ქსენოფობი, რასისტი ან ნაცისტი… არც მეშინია და არც შევურაცხყოფ მათ.
– მე ქართველი ვარ არ დავცინი, არ მძულს და არ შევურაცხყოფ ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს (ისინი ჩვენი თანასწორნი არიან, უბრალოდ მათ სათანადო პირობების შექმნა სჭირდებათ).
– მე ქართველი ვარ და არ ვმალავ ან არ მრცხვენია საკუთარ ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის არსებობის.
– მე ქართველი ვარ და ვირტუალურ სივრცეში სტატიას კომენტარს არ ვუწერ, თუ თემასთან მიმართებაში საკმარისი კომპეტენცია არ გამაჩნია, არასდროს ვმსჯელობ არგუმენტების გარეშე და ჩემთვის ყველაფერი არ მთავრდება პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების ლანძღვით. ზოგადად ლანძღვითა და აგრესიის გამოხატვით…
dare.ge
|