აბასთუმანი ძალიან ლამაზი კურორტია ადიგენის რაიონში. რომელიც მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში, ადიგენიდან 25 კმ-ზე, ახალციხიდან 28 კმ-ზე. ის სამთო-კლიმატური კურორტია (ზღვის დონიდან 1340 მ).
კურორტის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა XIX ს-ის 70-იან წწ-ში. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 1,4 ათასი (2002). IX-X სს-ში მას “ოძრახედ” მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა “ოცხე”, XIX ს-დან - “აბასთუმანი”. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები, აგრეთვე არქიტექტურის ძეგლები - შუა საუკუნეების ეკლესია და “თამარის ციხე”, ეკლესია “ახალი ზარზმა” (1899-1902).
|